დედაქალაქის მერიის განცხადებით, 29 აგვისტოს ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
„თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.