რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა გადატვირთულია

რიკოთის უღელტეხილი

საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილის დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობა გადატვირთულია. "საავტომობილო გზების დეპარტამენტის" ცხელ ხაზის ოპერატორები საცობების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის [14:00 საათი] რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოძრაობა ინტენსიურია და ავტოსაგზაო შემთხვევები არ ფიქსირდება.

რიკოთის უღელტეხილზე საცობი იყო გუშინ, 28 აგვისტოს საღამოდან გვიან ღამემდე. ასობით მანქანა და მგზავრი რამდენიმე კილომეტრის გავლას რამდენიმე საათი უნდებოდა. გზის ამ მონაკვეთზე საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მსუბუქი მანქანების გადაადგილება იზღუდება, თუმცა დედაქალაქში დაბრუნების მსურველებს გვიან ღამემდე მოუწიათ გზაში ყოფნა.