ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლომისის ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტითაა აჭედილი

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია კირბალში

"ანტისაოკუპაციო მოძრაობამ" დღეს, 28 აგვისტოს ფეისბუკის გვერდზე ფოტო და ვიდეო გაავრცელა, სოფელ კირბალის ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. მოძრაობის წარმომადგენლის დავით ქაცარავას თქმით, კადრები დღეს დილითა გადაღებული და ჩანს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მთაზე განთავსებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის ნიშის კარი, თუნუქის ფირფიტითაა აჭედილი. ქაცარავას თქმით, ეკლესიის კარი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლება აჭედეს.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებელები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

ასევე ნახეთ ლომისობა ეკლესიაში მიუსვლელად

წმინდა გიორგის ეკლესია გვიან ფეოდალური ხანით თარიღდება. წლების განმავლობაში ის დაზიანებული იყო და ტერიტორიის ოკუპაციამდე ადგილობრივმა მოსახლეობამ აღადგინა.

რადიო თავისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ეკლესიის მდგომარეობის საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის დღის წესრიგში შეიტანენ.