ზელენსკი საუბრობს "მძლავრ სექტემბერზე", კიევის ძალების მხრიდან რუსეთის საჰაერო შეტევის მოგერიების ფონზე

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოელის "მძლავრ სექტემბერს უკრაინისთვის", მათ შორის დასავლელი მოკავშირეების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისთვის იარაღის და აღჭურვილობის მიწოდების თაობაზე.

ზელენსკის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კიევმა გააუქმა ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საჰაერო განგაში და გამოაცხადა რუსეთის რამდენიმე საკრუიზო რაკეტის განადგურების თაობაზე.

ზელენსკი 27 აგვისტოს ტელეგრამით წერს, რომ მომავალ კვირებში მოელის "ახალ თავდაცვით პაკეტებს უკრაინელი სამხედროებისთვის".

"არტილერია, დაჯავშნილი მანქანები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები, განაღმვის აღჭურვილობა" - წერს ის. "ჩვენს პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია ჩვენს საჭიროებებზე. ახლა ჩვენ გადაწყვეტილებებს ველით" - დასძენს ზელენსკი.

უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ოთხი საკრუიზო რაკეტა, იმ ფონზე, როცა კიევს 26-დან 27 აგვისტოს ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა გამოცხადებული საჰაერო განგაში - წერს უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამით და დასძენს, რომ რაკეტები ბომბდამშენებიდან იყო გაშვებული.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ 27 აგვისტოს ცენტრალურ ხერსონზე შეტევა განახორციელა, რასაც ერთი ქალის სიკვდილი და ერთი კაცის დაჭრა მოჰყვა.

რუსეთმა განაცხადა მის ტერიტორიაზე დრონებით ორი შეტევის მოგერიების შესახებ და ასევე თქვა, რომ საბრძოლო თვითმფრინავი გაუშვა შავი ზღვის თავზე, აშშ-ის დრონის უკუგდების მიზნით.