ნახეთ, რისი აშენება სურთ ჭავჭავაძეზე, "ლაგუნა ვერესთან", რკინიგზასთან - თბილისის საკრებულოში ხვალ სხდომაა

ფოტოკოლაჟი თბილისში დაგეგმილი მშენებლობების მაკეტიდან

თბილისის საკრებულოში ხვალ, 25 აგვისტოს რიგგარეშე სხდომა იმართება. დასამტკიცებლად გატანილია 81 საკითხი, მათ შორის რამდენიმე დედაქალაქში მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ეხება.

რადიო თავისუფლებამ სამ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. სამივე საზოგადოების ნაწილის პროტესტს იწვევს და მათი მფლობელები დაკავშირებული არიან მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“.

"სპორტის უნივერსიტეტის" ტერიტორია - თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #49

ეს არის „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორია, რომელზე მშენებლობის დაწყებაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველს, ნოშრევან ნამორაძეს სურს. მან პარტიას 2021 და 2022 წლებში 80 ათასი ლარი შესწირა.

ოთხი შენობიდან ყველაზე მაღლის სიგრძე 180 მეტრი იქნება - 47 მიწისზედა და 3 მიწისქვეშა სართულით. 18 664 კვადრატული მეტრის სიგრძის მიწის ნაკვეთზე შენდება 85 854 კუბური მეტრის შენობა, გამწვანება კი იქნება 5599 კვადრატული მეტრი.

ჭავჭავაძეზეა აშენებული თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მაღალსართულიანი შენობა „აქსის თაუერსი“. 41-სართულიანი შენობის სიმაღლე 147 მეტრია. ინვესტორის შექმნილ ფოტომონტაჟზეც ჩანს, რამდენად მასშტაბური იქნება ახალი შენობა უკვე არსებულ „ცათამბჯენებთან“ შედარებით.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია - თბილისი, დადიანის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის სადგურთან

თბილისში, დიდუბე-ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის 200 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება. პროექტით გათვალისწინებულია მაღალსართულიანი შენობების აშენება, მათ შორის ერთ-ერთი, 44-სართულიანი იქნება, 154 მეტრი სიმაღლის.

ამ ტერიტორიის მფლობელები უკავშირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო წილოსანს.

მიწას სამი მფლობელი ჰყავს: შპს „ვილსონ გარდენი“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანი“ და სს „ფროფგრუპი“. თავის მხრივ, შპს „ვილსონ გარდენი“ სრულად ეკუთვნის სს „ფროფგრუპს“.

  • შპს „ვილსონ გარდენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დეპუტატ ნინო წილოსანის ძმა, ირაკლი წილოსანი.
  • საბჭოს წევრები არიან: გვანცა წილოსანი, დავით სამხარაშვილი და დავით ვეფხვაძე.
მანამდე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო ირაკლი რუხაძე, ხელისუფლების მიმართ ლოიალური არხის - „იმედის“ მფლობელი.

2023 წლის იანვარში შევსებული საჯარო მოხელის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი წილოსანი ფლობს შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ 25-პროცენტიან წილს 2007 წლიდან.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია - გმირთა მოედანსა და საცურაო აუზს შორის ტერიტორია

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით მანქანა გადაადგილდება და დღის ძირითად ნაწილში მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. 52- და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი მოცულობაში 155 599 კვადრატული მეტრი იქნება.

ტერიტორია შპს „კოსტავა 69“-ს ეკუთვნის. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობს ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისაა. „კოსტავა 69“-ის დირექტორიც მისი დისშვილი კახა კობიაშვილია.

ასევე ნახეთ 13 სართულით დაბალი - ივანიშვილის კომპანია ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვას ელოდება
თბილისის საკრებულოს სხდომა ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება.