უკრაინის არმიის ცნობით, გათავისუფლებულია ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რაბოტინო

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის არმიის ტანკი ბახმუტის მახლობლად. 12 მაისი, 2023.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის მებრძოლები თავიანთ ტელეგრამის არხში იტყობინებიან, რომ ზაპოროჟიეს ოლქში გაათავისუფლეს სოფელი რაბოტინო, რომლისთვისაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლები. სამხედროების მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე უკრაინის დროშა ფრიალებს ადგილობრივი სკოლის დანგრეული შენობის თავზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გუშინ თქვა, რომ 47-ე ბრიგადის სამხედროები სოფელში ბრძოლით შევიდნენ. რაბოტინოს სრული აღების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რაბოტინო რუსეთის სამხედროების ხელშია 2022 წლის მარტიდან. ეს სოფელი პატარაა, მისი ფართობი მხოლოდ 3 კვადრატული კილომეტრია. ოფიციალური მონაცემებით, ომამდე იქ 500-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა. მაგრამ სამხედრო ექსპერტებს არაერთხელ აღუნიშნავთ ამ დასახლების მნიშვნელობა, რადგან ის საშუალებას იძლევა იმ საავტომობილო გზის გაკონტროლებისა, რომელიც მიემართება ტოკმაკში - რუსეთის არმიის მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რაბოტინოს აღების შესახებ ინფორმაციაზე. ტელეგრამის არაერთი რუსული არხი აღიარებს სოფელზე კონტროლის დაკარგვას.