ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის თვითმფრინავში იყო. თვითმფრინავში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინიც. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა.
მომხდარის შესახებ პრიგოჟინის სტრუქტურებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვაგნერთან“ დაკავშირებული არხი Grey Zone წერს, რომ თვითმფრინავი თითქოს „საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს“.
როგორც „ბაზა“ იტყობინება Flightradar-ზე დაყრდნობით, თვითმფრინავი მოსკოვში აფრინდა.
კატასტროფის მომენტში ჰაერში იმყოფებოდა პრიგოჟინთან დაკავშირებული კიდევ ერთი თვითმფრინავი - ბიზნესჯეტი RA-02795. ის მოსკოვში სანქტ-პეტერბურგიდან მიფრინავდა და მოსკოვის ოლქში მდებარე ოსტაფიევოს აეროპორტში დაჯდა. ჯერჯერობით არ მოიპოვება ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში. ტელეგრამის ზოგიერთი არხი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პრიგოჟინი შეიძლება იმყოფებოდა არა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში, არამედ მეორე თვითმფრინავში, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთები არ მოიპოვება.
ორი თვის წინ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრიგოჟინის მეთაურობით მოაწყვეს შეიარაღებული მარში მოსკოვზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ამბოხების კვალიფიკაცია მისცა. ამასთან, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
ამბოხების მიზეზი იყო მწვავე კონფლიქტი პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის. პრიგოჟინმა დაიწყო პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენებაც.
მაშინ პრიგოჟინი არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამბოხებას „ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა „მოღალატე“ დაისჯება.
ფსბ-მ გამოაცხადა, რომ შეწყდა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კერძო სამხედრო კომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით განხორციელებული რეიდის შემდეგ აღიძრა.
„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებების შემდეგ ბელარუსში გადავიდნენ. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, პრიგოჟინი დროის უდიდეს ნაწილს კვლავაც რუსეთში ატარებდა. თუმცა მისი ადგილსამყოფელი ძირითადად გასაიდუმლოებული იყო.
მაგრამ 21 აგვისტოს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ამბოხების შემდეგ პირველი ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ აფრიკაში იმყოფება. მან ახალი დაქირავებული ჯარისკაცების აყვანის შესახებ განაცხადა.
ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის ნაცნობია. მან პოპულარობა მოიპოვა როგორც სარესტორნო ბიზნესის ორგანიზატორმა (კრემლის მომსახურების გამო მას ეძახდნენ „პუტინის მზარეულს“); შემდგომში პრიგოჟინმა და უტკინმა ჩამოაყალიბეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ - არაფორმალური შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომელიც იბრძოდა კრემლის ინტერესებისთვის სირიაში, აფრიკაში და შემდეგ უკრაინაში. შარშან პრიგოჟინმა „ვაგნერში“ ათიათასობით პატიმარი აიყვანა რუსეთის კოლონიებიდან. დაქირავებულები წარმატებას აღწევდნენ ფრონტზე - კერძოდ, გაზაფხულზე მათმა რაზმებმა აიღეს ბახმუტი. მათ ბრალი ედებათ სხვადასხვა სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის ხელმძღვანელმა უილიამ ბერნსმა „ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ თქვა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდება, შური იძიოს პრიგოჟინზე.
Aspen Security Forum-ზე გამოსვლისას ბერნსმა განაცხადა, რომ პუტინი „შურისძიების უდიდესი მოციქულია“. მისი თქმით, მას გაუკვირდება, თუკი პრიგოჟინი თავს დააღწევს შურისძიებას.
ასევე ნახეთ
ვინ არის დმიტრი უტკინი, რომელიც მოსკოვისკენ მიმავალ „ვაგნერელთა“ კოლონებს წინ მიუძღოდა?არანაირი გადატრიალება, კლასიკური ბანდიტური გარჩევა - პრიგოჟინის გალაშქრება მოსკოვზე „ვაგნერელები“ - ჯოჯოხეთში საუკეთესონი ვართ"პუტინს მართლა ეშინია" - რატომ გავიდა რუსეთის პრეზიდენტი ხალხში