საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის" სამიტში დისტანციურად მონაწილეობდა. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა შეძლებს გამარჯვებას და დადო პირობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება უკრაინის გვერდით, როგორც ახლა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და თქვა, რომ დღეს უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვისაც.
"ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა, გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია - ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს. ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ახსენა ის გზაც, რაც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას აქვთ გასავლელი ევროკავშირის წევრობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წლის ბოლოს მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
"ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული. ამდენად, ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
"ყირიმის პლატფორმის" სამიტი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობდნენ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვის დასასრულს მას მიმართა და თქვა, რომ სჯერა უკრაინის გამარჯვების.
"ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა, წელს მესამედ ჩატარდა. სამიტზე სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებმა და ლიდერებმა განიხილავეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალი და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.
სალომე ზურაბიშვილი გასული წლის აგვისტოშიც მონაწილეობდა ონლაინ ფორმატში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში.