უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო რუსეთის დედაქალაქში, „მოსკოვი სიტიდ" წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც მდებარეობს არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული საცხოვრებელი აპარტამენტები. ივლისის ბოლოდან მოსკოვის ამ რაიონზე დრონებით რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით, დრონი მოხვდა მშენებარე შენობას და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია. სობიანინის მტკიცებით, არავინ დაშავებულა.
შენობასთან უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა ტელეგრამ-არხმა, Mash-მა.
დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სტანდარტული განცხადება იმის შესახებ, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მოსკოვზე თავდასხმის მცდელობა იყო თვითმფრინავის ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 2 გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ხიმკის და მოჟაისკის რაიონების ტერიტორიაზე, 1 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და მართვის დაკარგვის შემდეგ შეეჯახა „მოსკოვი სიტიში“ მშენებარე შენობას.
რუსული სააგენტო „ტასის" ცნობით, დრონებით შეტევის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდნენ მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.
ასევე ნახეთ რას უჩვენებს მოსკოვზე დრონებით გახშირებული თავდასხმა?ბოლო რამდენიმე თვეა, გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. კიევი ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.