კასპის მუნიციპალიტეტში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ფოტოილუსტრაცია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში მკვლელობა მოხდა. დაკავებულია 80 წლამდე კაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობა ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა - 109-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს 25 ქალი მოკლეს - 15 მკვლელობა ჩადენილია ოჯახური დანაშაულის, ხოლო 11 - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. ამავე წელს საქართველოში 37-ჯერ სცადეს ქალის მკვლელობა - მათგან 28 შემთხვევაში დანაშაული ჩადენილი იყო ოჯახური დანაშაულის ნიშნით.