რუსეთის პროკურატურამ პოლიტპატიმრად გამოცხადებული ჟურნალისტისთვის 6 წლით პატიმრობა მოითხოვა

მიხაილ აფანასიევი სასამართლოზე

პროკურატურამ ჟურნალისტ მიხაილ აფანასიევისთვის 6 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისა და სამსახურებრივი პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის. ამის შესახებ იტყობინება „სეტევიე სვობოდი“.

ბრალდების მხარე ასევე ითხოვს, აფანასიევს სამი წლით აეკრძალოს მედიასა და ინტერნეტში მასალების განთავსებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

აფანასიევის დევნის მიზეზი გახდა ინტერნეტჟურნალ „ნოვი ფოკუსის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მისი სტატია „ომონის“ თანამშრომლების შესახებ ხაკასიიდან, რომლებმაც უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ცუდი მომარაგებისა და სარდლობის არასწორად გააზრებული გადაწყვეტილებების გამო. გამომძიებლების თქმით, ჟურნალისტმა, სხვა საკითხებთან ერთად, გამოაქვეყნა „არასარწმუნო ინფორმაცია“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის შემდეგ როსგვარდიის ხაკასის სამმართველოს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაჭრილ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ.

აფანასიევი 2022 წლის 14 აპრილიდან იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში.

2022 წლის ივნისში „მემორიალმა“ მიხაილ აფანასიევი პოლიტპატიმრად აღიარა, ვინაიდან „მისი დევნა მიზნად ისახავს იმ ჟურნალისტების დაშინებას, რომლებიც წარმოადგენენ ალტერნატიულ თვალსაზრისს უკრაინის მოვლენებზე“.

დეკემბერში სასამართლომ „ნოვი ფოკუსის“ დამფუძნებელი 450 000 რუბლით დააჯარიმა ადმინისტრაციულ საქმეზე 2018-2021 წლების სტატიებში პოლიციელების მიმართ სიძულვილის წაქეზების შესახებ.

როგორც უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა აღნიშნა, აფანასიევის საქმე პირველი ცნობილი შემთხვევაა, როდესაც ვებსაიტის გამოყენება ოფიციალურ პოზიციად არის აღიარებული. პორტალი „ნოვი ფოკუსი“, რომელზეც წერდა აფანასიევი, არ ეკუთვნის ჟურნალისტს და არ იყო რეგისტრირებული როგორც მედიასაშუალება.

2022 წლის მარტში რუსეთმა შემოიღო კანონები სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ე.წ. „ფეიკებისთვის“ რუსული არმიის შესახებ და მისი ქმედებების დისკრედიტაციისთვის. რუსეთის ხელისუფლება „ფეიკებად“ და დისკრედიტაციად მიიჩნევს კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიციისგან განსხვავებულ თვალსაზრისს.