ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ამ ქვეყნის ტერიტორია. აშშ-ის საელჩო მინსკში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლიეტუვის მთავრობამ დაკეტა ბელარუსთან საზღვარზე მდებარე 6-დან 2 პუნქტი და ეს პროცესი, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ბელარუსთან საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტების დაკეტვის საკითხს განიხილავენ ლატვია და პოლონეთიც.
შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბელარუსში მყოფმა ამერიკელებმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ლიეტუვის და ლატვიის მოქმედი, სახმელეთო სასაზღვრო პუნქტების გავლით ან თვითმფრინავით. აშშ თავის მოქალაქეებს არ აძლევს იმის ნებართვას, რომ ბელარუსიდან სახმელეთო გზით პოლონეთში გაემგზავრონ. ამერიკელები არ უნდა ჩავიდნენ უკრაინასა და რუსეთშიც.
ბელარუსის მოსაზღვრე პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის მთავრობები საფრთხის შემცველად მიიჩნევენ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირების ყოფნას. „ვაგნერელებმა“ ბელარუსში გადაინაცვლეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინააღმდეგ ივნისის ბოლოს მოწყობილი „ამბოხების" შემდეგ.
ასევე ნახეთ ლუკაშენკა-პუტინს დასავლეთთან ჰიბრიდული ომი სურთ „ვაგნერის“ გამოყენებით?ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსთან საზღვარზე მდებარე 6-დან 2 გამშვები პუნქტი 18 აგვისტოს დახურა და არ გამორიცხა, რომ საზღვარს სრულად ჩაკეტავს. ბელარუსთან საზღვრის დაცვა გააძლიერეს ლატვიამ და პოლონეთმა.
28 აგვისტოს ვარშავაში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ ბელარუსთან საზღვრის დაკეტვის საკითხს.