ირანში ქალებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ჰიჯაბის ტარებაზე უარისთვის

ირანის ზნეობის პოლიციის თანამშრომელი (მარჯვნივ) ელაპარაკება პოლიციის მანქანაში მჯდომ ქალს, რომელიც "არასათანადო" ჩაცმულობისთვის დააკავეს. თეირანი, 23 ივლისი, 2007.

ირანში საპარლამენტო კომიტეტმა დაამტკიცა უფრო მკაცრი ჯარიმები ჰიჯაბის კანონის დარღვევისთვის. ახლა კანონს წარუდგენენ კონსტიტუციის გუშაგთა საბჭოს, რომელიც შედგება იურისტებისგან და უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მიერ დანიშნული ისლამური სასულიერო პირებისგან.

როგორც CNN-ი იტყობინებოდა ადრე, კანონპროექტი შედგება 70 მუხლისგან, რომლებიც ითვალისწინებს ბევრად უფრო დიდ ჯარიმებს და გრძელვადიან პატიმრობას იმ ქალებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან ჰიჯაბის ტარებაზე. კანონების ახალი პაკეტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე, ჯარიმა კი ათასჯერ გაიზარდა - 360 მილიონ ირანულ რიალამდე (7800 ევრო). კანონპროექტი ასევე ამკაცრებს ჯარიმებს ცნობილი ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც არღვევენ კანონს. კანონპროექტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ითვალისწინებს ჩაცმულობის კოდექსის დამრღვევთა გამოსავლენად.

თანამედროვე ირანში არსებობს კანონი, რომელიც ყველა ქალს ავალდებულებს, დაიფაროს თმა და კისერი. მის დაცვას აკონტროლებს ზნეობის პოლიცია, ასევე დამრღვევებს ამოიცნობენ ქუჩის კამერების ჩანაწერებითაც.

კანონმდებლობის გამკაცრება იყო ირანის ხელისუფლების პასუხი შარშანდელ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ამინი გარდაიცვალა ჰიჯაბის არასათანადო ტარების ბრალდებით დაკავების შემდეგ. მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის სასიკვდილოდ სცემეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშეს. ამ გამოსვლების განმავლობაში დაიღუპა სულ მცირე 500 ადამიანი, ათობით ათასი დააკავეს. რამდენიმე მომიტინგე სიკვდილით დასაჯეს. თუმცა, საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგაც, ირანში ბევრი ქალი აგრძელებს ჰიჯაბის ტარების მოთხოვნისადმი წინააღმდეგობას.