„ფასანაურის ყოფნა-არყოფნის საკითხია“ - ადგილობრივების პროტესტი ფასანაურის შემოვლითი გზის ვარიანტს

დაბა ფასანაური, მთა, სადაც ფასანაურში შემოვლითი გზის, გვირაბის გაყვანა იგეგმება

პროტესტი მოჰყვა 17 აგვისტოს, დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის - ხანდო-ფასანაურის შემოვლითი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვას, რომელიც ხანდო-ფასანაურის მთათა სისტემაში გვირაბისა და 3 (ქედთა დამაკავშირებელი) ხიდის მშენებლობას უკავშირდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ორი გვირაბი და მათი დამაკავშირებელი ხიდი, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი იქნება.

ფასანაურის ცენტრში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ფასანაურის მკვიდრი, ინჟინერ-მექანიკოსი გელა კობაიძეც.

იგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შეთავაზებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დაბა ფასანაური საფრთხის წინაშე დგება.

მისი თქმით, მთაზე, სადაც პროექტის თანახმად გვირაბის მშენებლობა იგეგმება, უკვე დაწყებულია ეროზიული პროცესები და მთათა სისტემის ხელის ხლება, შესაძლოა, ფასანაურის მოსახლეობას ძვირად დაუჯდეს:

„ამ მთაში დიდი ნაპრალებია. ამოვიდნენ, გვკითხონ, ჩვენ შეგვიძლია პირადად მივიყვანოთ იმ ნაპრალებთან. ძალიან დიდი და სახიფათო ნაპრალებია. გეოლოგები იყვნენ ამოსულები, აიარეს 20-50 მეტრი და დაბრუნდნენ უკან. ბოლომდეც კი არ უნახავთ. ამბობენ, რომ შეისწავლეს მთა. ეს როგორი შესწავლაა? ამოვიდნენ და ვანახებთ, რატომ არ შეიძლება ამ მთის ხელის ხლება. ეს გვირაბი იქნება ვიბრაციის მუდმივი წყარო და, ადრე თუ გვიან, ზეზეურად გაკეთებული გვირაბი, აუცილებლად შეუქმნის პრობლემას მთის მდგრადობას და გამოიწვევს მის რღვევას. ფასანაურიდან 7 კილომეტრში, რამდენიმე წლის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა, მთელი სოფელი დამარხა წამოსულმა მთამ. გავიდა გაღმა და არაგვი დააგუბა. ასეთი რამ რომ განმეორდეს და ეს მთა წამოვიდეს, მთლიანად წაშლის ფასანაურის კვალს. ამ პროექტის განხორციელებით ფასანაურის ყოფნა-არყოფნა დგება საფრთხის წინაშე. ამას დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება. ეს მთა ისედაც იშლება, ბუნებრივად და ხელოვნურად რატომ უნდა გამოვიწვიოთ კატასტროფა?“.

მთათა სისტემა, სადაც გვირაბებისა და დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იგეგმება, დაბა ფასანაური

გელა კობაიძე ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც ფასანაურის თავზე, მთაში, შემოვლითი გზის, გვირაბის გაჭრას გულისხმობს, ყველაზე სახიფათო და ძვირადღირებული ალტერნატივაა სხვა ვარიანტებს შორის.

მისი თქმით, 17 აგვისტოს, დაბა ფასანაურში გამართულ შეხვედრაზე, გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად მხოლოდ ეს ერთი ალტერნატივა შესთავაზეს ადგილობრივებს და არ განხილულა მეორე, მდინარე არაგვის გასწვრივ, ხიმინჯებზე აშენებული შემოვლითი გზის ვარიანტი:

„ამ მეორე ვარიანტზე ყველა თანხმდება. რიყეზე, არაგვის გასწვრივ გაშენდეს ბოძებზე დაყრდნობილი გზა, აკუსტიკური ფარებით, რომლებიც მოსახლეობას დაიცავს ხმაურისგან. ეს არის ყველაზე უსაფრთხო და იაფი გზა. ამ ვარიანტზე იმთავითვე თქვეს უარი იმის გამო, რომ ის არაგვის დაბინძურებას გამოიწვევსო. რომ გავჯიუტდით და აღარ მოვეშვით, აეხსნათ, როგორ გამოიწვევდა ეს გზა არაგვის დაბინძურებას, გვითხრეს, აი, მაგალითად, ტრაილერი რომ გადატრიალდეს და არაგვში ჩავარდეს, ხომ დააბინძურებს მდინარესო. ეს ხომ არ არის სერიოზული არგუმენტი, არა?“.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობამ მხოლოდ ბოლო მომენტში შეიტყო, რომ ფასანაურის შემოვლითი გზის სკოპინგის ანგარიშის განხილვა 17 აგვისტოს იგეგმებოდა:

ანი ქავთარაძე

„ამ შეხვედრის შესახებ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა 17 აგვისტოს, დილით შეიტყო. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს თურმე 28 ივლისს აუტვირთავს საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია, რომ 17 აგვისტოს ფასანაურში პროექტის განხილვას გეგმავდნენ. რაც მთავარია, ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის ვადად, მოსახლეობას მხოლოდ ერთი დღე მოგვცეს 18 აგვისტომდე. სასაცილოა, სად უნდა ენახა ფასანაურის მოსახლეობას 28 ივლისს, რაღაც საიტზე ატვირთული ინფორმაცია?“, - ამბობს დაბა ფასანაურში მცხოვრები ანი ქავთარაძე.

სწორედ მისი მიწვევით დაესწრო სკოპინგის ანგარიშის განხილვას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე.

ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ პროცესი, რომელიც ხანდო-ფასანაურის მთათა სისტემაში გვირაბისა და 3 (ქედთა დამაკავშირებელი) ხიდის მშენებლობის გეგმას უკავშირდება, ღიად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს როგორც სპეციალისტებთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და შეხვედრების საფუძველზე.

მისი თქმით, გასათვალისწინებელი და დეტალურად შესასწავლია ის რისკები, რომელმაც პროექტის საბოლოო დამტკიცებისა და მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზული გეოლოგიური ხასიათის პრობლემები შეუქმნას დაბა ფასანაურს:

ნინო გუჯარაიძე

„ახლა მიმდინარეობს სკოპინგის ეტაპი, რომელიც გულისხმობს სრული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და იმ მეთოდოლოგიის განსაზღვრას, რომელიც საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევის ჩასატარებლად. 17 აგვისტოს მოსახლეობას წარმოუდგინეს შემოვლითი გზის, ფაქტობრივად, ერთი ალტერნატივა, რომელსაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა“.

ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც პროექტის განმახორციელებელია, ირწმუნება, რომ სკოპინგის ეტაპზე, გეოლოგებმა აღნიშნული ალტერნატივა, ანუ მთათა სისტემაში გვირაბის მშენებლობის შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლეს და აცხადებენ, რომ ეს არის ერთადერთი და სწორი ვარიანტი, სადაც ფასანაურის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს:

„პროექტის მიზანია, რომ დატვირთული საავტომობილო გზა მაქსიმალურად დააშორონ დასახლებულ პუნქტს და ამით ფასანაურის, როგორც კურორტის ფუნქცია უფრო გაძლიერდეს“.

ფასანაურის შემოვლითი გზის შეთავაზებული ალტერნატივა კი გულისხმობს მთათა სისტემაში გვირაბის გაყვანას და მის ე.წ. გაბურღვას:

„ამ ვარიანტს მოსახლეობა მკაცრ წინააღმდეგობას უწევს. ამბობენ, რომ მთაზე ისედაც მიმდინარეობს საშიში გეოლოგიური პროცესები. ამაში ნამდვილად არის ლოგიკა. გეოლოგიური კვლევების პარალელურად, ყოველთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივების ცოდნა და გამოცდილება, რადგან ეს ადამიანები ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე და მათზე უკეთ არც ერთმა გეოლოგმა არ იცის, იქ რა ხდება. ამიტომ, როცა ასეთი მწვავე წინააღმდეგობა დავინახე, ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი, რომ იქ რაღაცები შესაცვლელია. არ შეიძლება, რომ ასეთი პროექტების დაგეგმვის დროს დავეყრდნოთ მხოლოდ გეოლოგიურ კვლევებს. რა თქმა უნდა, გეოლოგიური კვლევა არის საწყისი და მნიშვნელოვანი, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ იმ კომპანიების გამოცდილებაც, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს“.

ნინო გუჯარაიძის თქმით, კომპანია „გამა კონსალტინგთან“ და კომპანია „ჯეო ინჯინიარიგნთან“, რომლებიც შემოვლითი გზის პროექტის სკოპინგის ანგარიშზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტსა და გეოლოგიურ დასკვნებზე მუშაობენ, დარგის სპეციალისტებს კითხვის ნიშნები აქვთ მათ მიერ წარსულში ჩატარებულ სხვა კვლევებთან დაკავშირებითაც:

„ისევ დუშეთის რაიონში, სწორედ ამ კომპანიებმა მოამზადეს 500 კვტ.-იანი ელექტროგადამცემი ხაზის იმავე ტიპის დოკუმენტები და ვნახეთ, რომ საბოლოოდ, მარშრუტი გადასატანი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მათი კვლევები არ იყო სათანადოდ შესრულებული. "ჯეო ინჯინიარინგი" ირწმუნებოდა, რომ მათ ჩატარებული ჰქონდათ დეტალური გეოლოგიური კვლევა, თუმცა, წინამოსამზადებელ სამუშაოებზე, ადამიანებთან უკვე ეზოებში ცვიოდა ქვის ლოდები. "გამა კონსალტინგს" აქვს მომზადებული ასევე ლარსი-სტეფანწმინდის გზის ყველა მონაკვეთის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, მათ შორის, ხდის ხეობაში, რომელიც დღეს მნიშვნელოვანი პრობლემებითაა დახუნძლული. "გამა კონსალტინგის" მიერაა მომზადებული რიკოთის გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაც“.

დაბა ფასანაური

ხანდო-ფასანაურის შემოვლითი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

როგორც ნინო გუჯარაიძე გვიხსნის, მომდევნო ორი კვირის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რომელშიც გაიწერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მოსამზადებლად აუცილებელი ნაბიჯები და ის საკითხები, რაც შეფასების ანგარიშში უნდა მოხვდეს. ამის შემდეგ კი გამოქვეყნდება გზშ-ს ანგარიში:

„ანგარიშის გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადა იქნება დოკუმენტის კომენტირებისთვის, რასაც კვლავ უნდა მოჰყვეს საჯარო განხილვა, ამის შემდეგ კი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გასცემს თუ არა გარემოს დაცვის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპების გავლის შემდეგ კი, საბოლოოდ, გზების დეპარტამენტმა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან უნდა მიიღოს მშენებლობის ნებართვა. სანამ საქმე აქამდე მივა, მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო, რომ მთელი ეს პროცესი ყურადღებით იყოს შესწავლილი და მოქცეული მონიტორინგის ქვეშ“.

ფასანაურის შემოვლითი გზის საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები 17 აგვისტოსვე გადააგზავნა ფასანაურის მოსახლეობამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. შენიშვნებს ფასანაურის 300-მდე მოსახლე აწერს ხელს.