სომხეთი აზერბაიჯანს სიუნიკის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

სიუნიკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, კაპანი. 26 აპრილი, 2023 წელი

18 ივლისის ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, სიუნიკის ოლქის აეროპორტ „სიუნიკის“ მიმართულებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ავტომობილიდან ცეცხლი გახსნეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური სომხეთის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სამი გასროლის შემდეგ ავტომობილმა ტერიტორია დატოვა.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დაზიანდა აეროპორტის ერთ-ერთი ფანჯარა და სახურავი.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური აზერბაიჯანს მომხდარის სასწრაფო გამოძიებისკენ და მომავალში მსგავსი ინციდენტის გამორიცხვისკენ მოუწოდებს.

აზერბაიჯანულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

17 ივლისს ერევანი-კაპანის ავიარეისით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სიუნიკის აეროპორტი მოინახულა.

სიუნიკის აეროპორტი ახლახან გარემონტდა და, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან რეგულარულ სამგზავრო ფრენებს მოემსახურება ერევნისა და უკუმიმართულებით. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი აზერბაიჯანის საზღვრიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.

  • სომხეთსა და აზერბაიჯანს დაძაბული ურთიერთობა აქვთ ყარაბაღში წარმოებული ორი ომის ფონზე. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა, ძირითადად, ეთნიკური სომხებისგან შედგება. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა.
  • 2020 წლის შემოდგომაზე მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას. ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე და აზერბაიჯანის მიმდებარე რეგიონებზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკავეს სომხურმა ჯარებმა. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.