სტეფანწმინდასა და გერგეტში მეწყერი ჩამოწვა - მერიაში ამბობენ, რომ "ამ ეტაპზე მშვიდობაა"

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მეწყრის ამსახველი კადრები

"მთავარი არხი" ავრცელებს ინფორმაციას და კადრებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის შესახებ. დღის საათებში გადაღებულ კადრებში ჩანს ადიდებული წყალი ხის ტოტებით და მიწის შლამით სოფლის სიახლოვეს.

"ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, მხოლოდ დაბაში [სტეფანწმინდაში] და გერგეტში, სოფლებში არ ყოფილა წვიმა. ყოველთვის ჩამოდის ეგ მეწყერი, ახლაც ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ტერიტორია. ამ ეტაპზე მშვიდობაა. სოფელ გერგეტშიც ჩამოწვა მეწყერი და სტეფანწმინდაშიც. გერგეტში უფრო ახლოს იყო მოსახლეობასთან. ორი სახლის ეზოში შევიდა წყალი", - თქვა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი გვითხრეს, რომ შემთხვევა დღის საათებში მოხდა და მაშველების ჩართვის საჭიროება არ ყოფილა.