ლუკაშენკა: პუტინი არ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინაში მიმდინარე ომში

ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინაში მიმდინარე ომში და პირობას დებს, რომ ბელარუსის ძალები ომში არასოდეს მიიღებენ მონაწილეობას, იმ შემთხვევის გამოკლებით, თუკი უკრაინის ძალები ბელარუსის საზღვარს გადაკვეთენ.

"ბელარუსის ჩართვა... რას მოიტანს ეს? არაფერს", - თქვა ლუკაშენკამ ინტერვიუში, რომელიც 17 აგვისტოს გამოაქვეყნა პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე უკრაინულმა ინტერნეტგამოცემამ. "თუ თქვენ, უკრაინელები, საზღვარს არ გადმოლახავთ, ჩვენ ამ ომში არასოდეს მივიღებთ მონაწილეობას", - ამბობს ლუკაშენკა.

ბელარუსს უკრაინაში საბრძოლველად სამხედროები არ გაუგზავნია, თუმცა რუსეთს საშუალება მისცა, მისი ტერიტორია გამოეყენებინა უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრისთვის, 2022 წლის თებერვალში. ლუკაშენკა მხარს უჭერს რუსეთის ომს და ხშირად ხვდება პუტინს. ლუკაშენკამ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ყოველთვის დაეხმარება რუსეთს" და დასძინა, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიანო.