უკრაინა იუწყება სამხრეთ-აღმოსავლეთში სოფლის დაკავებაზე

უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის რეგიონში, 2023 წლის აგვისტო

რუსეთის სამხედრო ოფიცრებმა უკრაინის დონეცკის რეგიონში წარმატებულ შეტევაზე განაცხადეს, უკრაინის ძალები კი იუწყებიან, რომ უკვე კვირების განმავლობაში მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში სოფელი გაათავისუფლეს.

ეს ცნობები გავრცელდა 17 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როდის შეუერთდეს რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებას.

სტოლტენბერგის ამ სიტყვებამდე სკანდალი მოჰყვა ნატოს წარმომადგენლის განცხადებას, რომ ომის დასრულების გზა შესაძლოა, იყოს კიევის მხრიდან რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა, ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ.

მიმდინარე კონტრშეტევაში უკრაინის ძალებს უჭირთ რუსეთის დაცვის გარღვევა სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ნატოს მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული ბრიგადებით გაძლიერებულმა კიევის ძალებმა რუსეთის არმიის წინააღმდეგ კონტრშეტევა ივნისში დაიწყეს და იერიშები მიიტანეს თითქმის 1000-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის სამ თუ ოთხ ადგილზე. თუმცა კონტრშეტევა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ბევრს ეგონა.

უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები იმედოვნებდნენ, რომ უკრაინის ძალები შეძლებდნენ ძველი წარმატების გამეორებას რუსეთის წინააღმდეგ - როგორიც იყო, მაგალითად, კიევის დაცვა რუსეთის შეჭრიდან პირველ კვირებში ან წინსვლა ხარკოვსა და ხერსონზე 2022 წლის ბოლოს. ეს არ მომხდარა, და ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე უკრაინას, შესაძლოა, შეეხოს ზეწოლა აშშ-სგან ან სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან, რათა რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს.