შოვში დაღუპული 27-ე ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ონში, მდინარეში, შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული 27-ე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს უწყების პრესსამსახურში.

ამ დრომდე დაკარგულია 6 ადამიანი. 3 აგვისტოს ისინიც კურორტ შოვში იყვნენ.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს.

"არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ. თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება უბრალოდ", - თქვა მინისტრმა.