რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბოლო დღეების განმავლობაში ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღძრა - სახიფათო მომსახურების გაწევის მუხლით. მანამდე საქმე აღიძრა მომსახურების არასათანადო შესრულებისთვის.
რამდენიმე დღის წინ ტექნიკური გაუმართაობის გამო ავიაკომპანიის კუთვნილი სამი "ბოინგ 777-დან" ორი მწყობრიდან გამოვიდა. ამას ბევრი რეისის დაგვიანება მოჰყვა. ტურისტები თურქეთის ქალაქ ანტალიაში ერთ დღეზე მეტხანს შეყოვნდნენ. Red Wings-ის მგზავრების გადასაყვანად რამდენიმე რეისის შესრულება ავიაკომპანია Икар-ს მოუწია.
Red Wings-მა განაცხადა, რომ ხარვეზები გამოასწორეს და 16 აგვისტოდან ფრენებს დაგეგმილი გრაფიკით შეასრულებენ.
დღეს, 16 აგვისტოს კი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Red Wings-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე იმის გამო აღძრა, რომ 13 აგვისტოს ავიაკომპანიამ ანტალიიდან მგზავრების ჩამოსაყვანად გაგზავნა გაუმართავი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე არ მუშაობა კონდიციონერი, რამაც მგზავრთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზული ხიფათი შეუქმნა. ავიაკომპანიას ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში თვითმფრინავ Sukhoi Superjet-ით ასრულებს რეისებს. ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებებით დაფრინავს.
აშშ-სა და ევროკავშირის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთის სამოქალაქო ავიაციას. ევროპულ და ამერიკულ მწარმოებლებს ეკრძალებათ რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიყიდვა და რუსული ავიახაზებისთვის, მათ შორის "ბოინგისა" და "ეარბასის" თვითმფრინავებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. რუსეთი იძულებულია, მიმართოს ე.წ. „კანიბალიზაციას“ - რაც ძველი თვითმფრინავების დაშლას ნიშნავს, მისი ნაწილების სხვა თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებისთვის გამოსაყენებლად