უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი რეგულარული საველე გასვლების დროს ესტუმრა ზაპოროჟიეს რეგიონში მყოფ იმ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც მელიტოპოლის მიმართულებით ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს.
პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი შეხვდა დანაყოფ „ტავრიის“ ჯარების ჯგუფის მეთაურს, ალექსანდრ ტარნავსკის და დაათვალიერა რამდენიმე დანაყოფის, მათ შორის, 47-ე და 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო მოიერიშე ძალების 46-ე საჰაერო-მობილური ბრიგადის განლაგებები და მართვის პუნქტები.
უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა მეთაურების მოხსენებები საომარი მოქმედების მიმდინარეობაზე და ბრიგადის მეთაურებთან და ბატალიონის მეთაურებთან ერთად განიხილა მათი დანაყოფების ყველაზე პრობლემური საკითხები.
სამხედროებმა უკრაინის ლიდერთან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და საფრონტო საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, კონტრიერიშში მყოფი უკრაინელი სამხედროები საჭიროებენ უფრო დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენ აპარატებს, რადგან ისინი სწრაფად იხარჯება შეტევით ოპერაციებში.