"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. კითხვები, ძირითადად, შეეხება სამაშველო-სამძებრო ოპერაციას და ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ მინისტრის მიერ წინა წლებში გაცემულ დაპირებებს.
სულ ენმ-ს ვახტანგ გომელაურთან 5 კითხვა აქვს:
1. მეწყრული და სხვა ბუნებრივი სტიქიების შედეგად ადამიანური დანაკარგის შემცირების საუკეთესო პრაქტიკის უმთავრესი კომპონენტი არის შესაბამისი ეროვნული მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობა. 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას, თქვენ განაცხადეთ: „დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს, მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს“. რატომ არ მოხდა აღნიშნული გაფრთხილების სისტემის დანერგვა, რომელსაც თქვენი და ხელისუფლების სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების განმარტებით, გადამწყვეტი როლი შეეძლო ეთამაშა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დროს?
2. შოვში მეწყრული პროცესი განვითარდა 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე. საჯაროდ არსებული ინფორმაციის და თვითმხილველების განმარტების თანახმად, სამაშველო სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს სამი საათის დაგვიანებით. რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?
3. საქართველოს პრემიერ მინისტრის განმარტებით, შოვში განვითარებული კატასტროფის საპასუხო სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმართვისას, ხელისუფლებამ ვერ დაინახა მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რა კონკრეტული ღონისძიებების და მათი ცალკეული თუ ერთობლივი ეფექტიანობის შეფასებით მიიღეთ მთავრობის სხვა შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად აღნიშნული გადაწყვეტილება?
4. რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან? რა სახის სამაშველო-სამძებრო ვერტმფრენებს ფლობს სახელმწიფო და აღჭურვილია თუ არა თანამედროვე საკომუნიკაციო, სანავიგაციო, მათ შორის ღამის ხედვის საშუალებებით?
5. 2015 წლის No2632 განკარგულებით დამტკიცდა ხელშეკრულება “GG-B-UCL ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის – „ორი HUEY II-ის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის შესყიდვის“ შესახებ, რომელიც 2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობის No2363 განკარგულებით გაუქმდა. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II-ის") გრანტის წესით შესყიდვაზე? იყო თუ არა შსს ჩართული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა იყო სამინისტროს ოფიციალური პოზიცია?
ასევე ნახეთ როგორ დარჩა საქართველო ადრეული გაფრთხილების სისტემის გარეშე, მიუხედავად არაერთი დაპირებისა ასევე ნახეთ 112-ში პირველი შეტყობინებიდან 11 დაღუპულამდე - რაჭის სტიქიის პირველი 24 საათი ასევე ნახეთ რამდენი სამაშველო ვერტმფრენი სჭირდება საქართველოს და რამდენი ჰყავსღვარცოფი რაჭაში, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, 25 ადამიანი ემსხვერპლა, კურორტ შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.
ოფიციალური მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და მაშველები ეძებენ კიდევ 8 ადამიანს.