საქართველოს საკალათბურთო ნაკრები „თბილისის საერთაშორისო თასის“ ჩემპიონი გახდა

„თბილისის საერთაშორისო თასი“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. 13 აგვისტო, 2023 წელი

თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირი - „თბილისის საერთაშორისო თასი“ - საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში მონტენეგროს ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 84:79.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი იყო გოგა ბითაძე, რომელმაც ოცდაერთი ქულა ჩააგდო. თად მაკფადენმა ცხრამეტი ქულა მიითვალა, თორნიკე შენგელიამ - თოთხმეტი.

„თბილისის საერთაშორისო თასზე“ ოთხი ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ნახევარფინალში საქართველომ იორდანიას მოუგო (86:69), ხოლო მონტენეგრომ - ირანს (81:66). ფინალამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ირანმა იორდანიას აჯობა - 81:73.

26 აგვისტოდან ქართველი კალათბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმებიან. იქამდე კი კიდევ ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ -14 აგვისტოს ირანს დაუპირისპირდებიან დახურულ ტესტ-მატჩში, 22 აგვისტოს კი იაპონიაში შეხვდებიან ავსტრალიას.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის შეხვედრები სწორედ იაპონიაში გაიმართება, ქალაქ ოკინავაში. F ჯგუფში საქართველოს მეტოქეები იქნებიან სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე. რვავე ქვეჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულები კი მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ თამაშს.