„არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს [ღამით ფრენა]“ - შს მინისტრის პირველი კომენტარი შოვზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირველ კომენტარს აკეთებს მედიასთან შოვში, რაჭაში, სტიქიის ზონაში. 13 აგვისტო, 2023 წელი

არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რაჭაში დამანგრეველი ღვარცოფის პირველ ღამეს სამაშველო ოპერაციის შეჩერების საკითხზე.

„ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება, უბრალოდ“, - განაცხადა გომელაურმა, რომელიც პირველად ჩავიდა შოვში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ. როგორც მინისტრმა თქვა, ის მხოლოდ გუშინ დაბრუნდა საქართველოში თურქეთიდან, სადაც „ძალიან მძიმედ“ ავადმყოფ მამას ახლდა თან.

გომელაურის თქმითვე, რელიეფი, ხეობა და მთები დამატებითი სარისკო ფაქტორებია.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დროულად ჩავიდა. (მაშველები ადგილზე სამ საათში ჩაფრინდნენ, რის გამოც სტიქიაზე სამაშველო სამსახურის რეაგირებას კრიტიკა მოჰყვა.)

„ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, ამას მომზადება სჭირდება, - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს და დაამატა, - მეორე, ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს. შუაში, სადაც კუნძულზე 70 ადამიანი იყო, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას, მეორე მხარეს, სადაც ფერდობზე იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ეს ადამიანები“.

მინისტრმა განმარტა, რომ ახალი სამი ვერტმფრენი სახელმწიფოს უკვე შეძენილი აქვს და პირველს საქართველო 2024 წლის მარტში მიიღებს, დანარჩენ ორსაც - მომავალი წლის ბოლომდე.

„ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?! რიგებია და სადღაც ერთი წელი ვმუშაობდით თითქმის, თვეებია ვმუშაობთ. დაიძრა უკვე. უკვე ნაყიდი გვაქვს. სწავლება უნდათ პილოტებს და ა.შ.“, - თქვა გომელაურმა და დაამატა, რომ არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად „აბსოლუტურად გამართულია“ და იგივე შეუძლიათ, რაც ახლებს.

წინასწარი მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა „მოწყობილობები დავაყენოთ“, ბუნებრივი კატასტროფები არის „წამების თემა“, რადგან „კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი“ ვართ.

„ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან - დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით, ყაზბეგამდე. სულ ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, მაგას ვერ გავექცევით, სამწუხაროდ. მსოფლიოშია მასე. რაც მოხდა ჰავაიზე, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია. ხდება ხო, ამერიკაა ხო? ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანა, ვერტმფრენებიც ჰყავთ ჩვენზე მაგარი, ავიაციაც, მაგრამ მოხდა. ხდება, ნუ, ბუნებაა, რა ვქნათ, სამწუხაროა, დიდი უბედურებაა“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ “ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - მარიამის, შოთას და კოტიკოს ამბავი შოვიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, 2023 წლის 3 აგვისტოს მყინვარზე კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, რის შემდეგაც, შესაძლოა, მყინვარის ქვეშ დაგუბებულმა წყლებმა გამოხეთქა. ნაკადი დიდი სიჩქარით დაიძრა, მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს გამორეცხა ფერდობების ძირი და შეიერთა დამატებითი მეწყრული სხეულები.

საბოლოოდ, ეს მასა მძლავრ ტალახ-ქვიან ღვარცოფულ ნაკადად იქცა. ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, ასე 8-10 წუთში, დაახლოებით 15:15 საათზე, მან დაარტყა შოვს. სტიქიამ 26 ჰექტარი ტერიტორია დაფარა.

ოფიციალური ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 9 ადამიანს ეძებენ. მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%. სამძებრო არეალი გაფართოვდა და მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.

ასევე ნახეთ „არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის“ - რატომ არ აფრინდა სტიქიის ღამეს ვერტმფრენი შოვში