შოვი - ჯადოსნური მთა, რომელიც დაიქცა

შოვი. ყოფილი სანატორიუმი #1

როგორ იქცა სოფელ გლოლის საძოვრები საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად? როგორ იქცა შოვი შოვად?

კურორტი შოვი, სადაც 3 აგვისტოს მომხდარმა კატასტროფამ მთელი საქართველო შეძრა, ზუსტად 100 წლის წინ შეიქმნა სოფელ გლოლის მახლობლად, თუმცა თავიდან რაჭის მთავარ საკურორტო ადგილად შერჩეულ იქნა შაორი, სოფელი ნიკორწმინდასთან ახლოს, ხარისთვალას ტბასთან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი გაკეთდა ადგილზე, რომელსაც გლოლის მაცხოვრებლები საძოვრებად იყენებდნენ. შოვში დღემდეა შემორჩენილი ქართული სტილით აშენებული ხის ლამაზი შენობა - ყოფილი სანატორიუმი, რომელშიც 1947 წლის ზაფხულში გალაკტიონ ტაბიძე ისვენებდა.

XX საუკუნეში კურორტოლოგია მედიცინის მნიშვნელოვან დარგად მიიჩნეოდა, შესაბამისად ქვეყნების მთავრობები ცდილობდნენ კურორტების - სამკურნალო ადგილების აღმოჩენასა თუ განვითარებას.

„კურორტოლოგია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს კურორტების სამკურნალო თავისებურებებს. კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი დარგი, - ვკითხულობთ ძველ ლექსიკონებში, - მოიცავს ბალნეოლოგიას, ბალნეოთერაპიას, ბალნეოტექნიკას, კურორტულ კლიმატოლოგიას და დაკავშირებულია ფიზიოთერაპიასთან და სხვა კლინიკურ დისციპლინებთან“.

შოვის, როგორც კურორტის, შესწავლა და მშენებლობა დაიწყო 1923 წლიდან. მანამდე შოვის მიდამოები მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებთა და ჩრდ. ოსეთისკენ მიმავალ მგზავრთა ყურადღებას იპყრობდა ბუნების სილამაზითა და მინერალური წყლების სიუხვით.

შოვში კურორტის მოწყობის იდეა ამბროლაურის სოფელ წკადისის მკვიდრს, ცნობილ მედიკოსსა და ბოლშევიკ-რევოლუციონერს, შამშე ლეჟავას გაუჩნდა. როგორც თვითონ წერს 1923 წელს გამოცემულ წიგნში („კურორტი შოვი“), ვენის უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების მიღებისას, პროფესორ შტერნთან ერთად მოუნახულებია ტუბერკულოზის სამკურნალო კურორტ ალანდის (Alland) სანატორიუმები და სარეკრეაციო გამაჯანსაღებელი კომპლექსები, რის შემდეგაც გასჩენია საქართველოში მსგავსი ადგილის შექმნის სურვილი.

სწორედ ლეჟავას ძალისხმევით მიავლინა 1922 წელს სამთავრობო კომისიამ შოვში ექსპედიცია გეოლოგების, ტოპოგრაფებისა და ქიმიკოსების შემადგენლობით. მოგვიანებით, ვიდრე 30-იანი წლების რეპრესიებს არ ემსხვერპლებოდა, შამშე ლეჟავა ამბობდა, კურორტს პირველივე წლებში, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობამდე, მიაწყდნენ დამსვენებლებიო:

„მიუხედავად სააგარაკო შენობების უქონლობისა, ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ კარვებს, ფიცრებისგან შეკრულს თვით მოაგარაკე ავადმყოფების მიერ. ამ ავადმყოფებს სჯერათ შოვის წყლების სამკურნალო თვისებების, თუმცა ისინი მოკლებულნი არიან სანიტარულ მოხერხებულობას და სიმარჯვეს, სააგარაკო სიმშვიდეს, დასვენებას და თხელ ფიცრულებისგან შეკოწიწებულ კარვებში ცხოვრობენ, მაგრამ ისინი მაინც თვალსაჩინოდ ჯანსაღდებიან შოვის მჟავე წყლებითა და იქაური წმინდა ჰაერით, რომელიც მთლად გაჟღენთილია ფისის სურნელით“.

შამშე ლეჟავა

კურორტი შოვი მდებარეობს ზემო რაჭაში, ონიდან დაახლოებით 25 კილომეტრში. შოვამდე, საგლოლოს ხიდთან, გზა გადის რიონის მარცხენა ნაპირზე და წიწვიანი ზოლით მიჰყვება მდინარე ჭანჭახს. რიონის ხეობაში მარჯვნივ გაშენებულია სოფლები ჭიორა და ღები. აქ რაჭის კავკასიონის ქედზე აღმართულია მწვერვალები - ფასის მთა (3780 მ), გეზე (3880 მ), ედენა (3818 მ), ლაბოდა (4200 მ), წითელი მთა, თაიმაზი, ბურჭულა და რაჭის უდიდესი მყინვარები: ზოფხიტურა, კირტიში, ციხვარგა და სხვ. შემდეგ მოდის სოფელი გლოლა. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, ამ სოფლის მოსახლეობა ძველად სახლობდა შოვის ჩრდილოეთით - ბუბის მთაზე. რაჭის ფეოდალს გლოლელები გადმოუსახლებია დღევანდელ ადგილზე, რის გამოც მოსახლეობას 8 წელი უგლოვია; თითქოს აქედან წარმოიშვა სოფლის სახელი „გლოვა“, რომელიც შემდეგ გადაკეთდა "გლოლად".

სწორედ გლოლილან 3 კილომეტრში, ნაძვის, ფიჭვისა და სოჭის დაბურული ტყეებით შემოსაზღვრულ ვაკეზე, ალპური ზონის საზღვარზე, 1600 მეტრ სიმაღლეზე, გაშენებულია კურორტი შოვი. მთავარი ქედის იმ ნაწილს, რომელიც აღმართულია კურორტის ჩრდილოეთით, ეწოდება რაჭის კავკასიონი. ეს უკანასკნელი სვანეთის კავკასიონთან ერთად წარმოადგენს კავკასიონის მთავარი ქედის შუა და ყველაზე მაღალ ნაწილს. ქედის დასავლეთი ნაწილისთვის დამახასიათებელია მყინვარების ლანდშაფტი, რომელიც ზოგ ადგილებში 2800-2200 მეტრამდე ჩამოდის. თოვლით დაფარულია ბუბის მთა, რომელიც შოვს გადმოჰყურებს. აღმოსავლეთ მხარეს მამისონის ყინულოვან მთაში იწყება მდინარე ჭანჭახი. შოვი გარემოცულია მაღალი მთებით, მაგრამ მისი ჰორიზონტი გახსნილია, რაც დიდ გავლენას ახდენს კურორტის კლიმატზე.

„შოვი ერთ-ერთი უმშვენიერესი, თვალწარმტაცი ადგილია საქართველოში, - ვკითხულობთ 1956 წელს შოვის შესახებ გამოცემულ წიგნში, - ვის არ მოხიბლავს შოვის ლამაზი ტყეები, მაღალი, ყინულოვანი მთები და იქიდან მოჩუხჩუხე ანკარა მდინარეები, მუდამ კაშკაშა ცა და სურნელოვანი ჰაერი. შოვი მისი ყველა საუკეთესო სამკურნალო თვისებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი შესანიშნავი კურორტია, თუმცა მარტო გეოგრაფიული აღწერილობით ძნელია შოვის სილამაზის წარმოდგენა; მისი გადმოცემა მხოლოდ კარგი მხატვრის ყალამს თუ შეუძლია.“

კარგი მხატვარი შოვში 1947 წლის ზაფხულში მოხვდა. გალაკტიონ ტაბიძეს შოვი ძალიან მოეწონა, რის დასტურადაც შემორჩენილია ფანქრით გაკეთებული ერთი ჩანახატი და რამდენიმე ლექსი:

მოგონებათა თოვის
მოქრის ნიავი შოვის,
სხვა სიშორეთა შორის
აღიმართება ბუბა.

მოშორებული ტფილისს,
ნაცნობს ავყვები ბილიკს,
მოგონებების ტკბილის
რომ გაიშალოს ქუბა.

ახმოვანება უყვარს
შოდა-ღარულას, ჯმუხას,
ასე ასწლოვან მუხას
შვენის მხარი და მაჯა.

ბილიკზე ნელა მსვლელი
მწვერვალზე შედგა ცხენი,
ქვე გამარჯობა შენი,
ქვე დაილოცოს რაჭა.

"შოვი". გალაკტიონის ჩანახატი

როგორც ჩანს, პოეტი დიდად კმაყოფილი დარჩა სანატორიუმის პერსონალითაც, სწორედ მათ დაუტოვა პოეტმა მადლიერებით სავსე ასეთი ლექსი:

გალაკტიონი შოვში. 1948 წ. აგვისტო

ყველგან გვყოლოდეს ადამიანნი
თქვენებრივ მხნე და გულისხმიერი,
რომ წვრილმანსაც კი ყურადღებისა
და მზრუნველობის აჩნდეს იერი...
ჩემს აქ ყოფნაში მე ეს ვიგრძენი,
ყველასი დიდად ვარ მადლიერი.

აივსო ჩემი მყუდრო მაგიდა
ახალ ლექსებით და ყვავილებით,
იმ ხეივანის მუხა და ფიჭვი
მე მიფარავდნენ მზიურ ჩრდილებით.
გამხნევებული ვარ ამ ზაფხულის
დაუვიწყარი შთაბეჭდილებით.

შოვში პირველი სანატორიუმის მშენებლობას 1925 წელს ჩაყარა საძირკველი. შემდეგ აშენდა ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი. კურორტს თავიდან შამშე ლეჟავას პატივსაცემად "შამშოვი" დაერქვა, თუმცა რეპრესირების შემდეგ "შამ" მოაშორეს და "შოვი" დატოვეს.

1947 წლის აგვისტოში, როცა გალაკტიონი შოვში ისვენებდა, კურორტი ასე გამოიყურებოდა: ცენტრში იდგა ქართული სტილით აგებული ლამაზი შენობა, გაფორმებული ორნამენტებით და მაღალი კოშკით; დასავლეთით გორაკზე აღმართული იყო #1 სანატორიუმის ოთხსართულიანი შენობა 100 საწოლით, რომლის ყოველ ოთახს ჰქონდა სათანადო ღია ვერანდა თვალწარმტაცი ხედით. ჩრდილო-აღმოსავლეთით ფიჭვის ტყესთან იდგა #2 სანატორიუმი 60 საწოლით, სამხრეთით, ტყის პირას, ოსეთის სამხედრო გზასთან, აგებული იყო 100-საწოლიანი სანატორიუმი, მდინარე ბუბის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა სასტუმრო 12 ოთახით, კურორტისგან განცალკევებით მოწყობილი იყო ტურისტული ბაზა. ამ შენობათა გარდა კურორტის ტერიტორიაზე იდგა 14 სააგარაკო სახლი 42 ოთახით, აქვე იყო თანამშრომელთა საცხოვრებელი სახლები, კურორტის დირექცია, პოლიკლინიკა, აფთიაქი და სხვ.

შოვი. სანატორიუმი #2

ქართველი კურორტოლოგების მტკიცებით, შოვი საუკეთესო კურორტი იყო, უკეთესი ვიდრე თომას მანის მიერ „ჯადოსნურ მთაში“ აწერილი დავოსი.

„შეიძლება ითქვას, რომ შოვი თავისი კლიმატური მონაცემებით მაღლა დგას მსოფლიოში ცნობილ მაღალი მთის კურორტებზე - დავოსზე, ლეიზენზე, აროზაზე და სხვა“, - ვკითხულობთ ერთ-ერთ ქართულ საბჭოთა გამოცემაში, რომლის მიხედვითაც შოვის უპირატესობას განაპირობებდა ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, ნალექის რაოდენობა, ატმოსფერული წნევა, ელექტრობის არსებობა ჰერში, მზის ნათების საშუალო ხანგრძლივობა და „განთქმული მინერალური წყლები“ - თავისი სასარგებლო თვისებებით, სასიამოვნო გემოთი და დაბალი ტემპერატურით.

„შოვში მკურნალობის ჩვენება საკმაოდ ფართოა. კურორტის ერთ-ერთ უპირატესობას შეადგენს ის, რომ შესაძლებელია ერთდროულად ჩატარდეს როგორც კლიმატით, ისე მინერალური წყლით მკურნალობა“, - ამტკიცებდნენ ქართველი კურორტოლოგები.

XX საუკუნის 80-იან წლებში შოვში მინერალური წყლების 13 წყარო იყო.

2023 წლის 3 აგვისტომდე შოვში გატარებული დრო, როგორც წესი, დაკავშირებული იყო სიმშვიდესთან, ბუნებით ტკბობასთან, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, ზაფხულის არდადეგების ხანგრძლივობასთან და ა.შ. 2023 წლის 3 აგვისტომდე შოვი მხოლოდ დადებით ემოციებს აღძრავდა.

შოვი ძველ სურათებში