„მოსამართლემ უარი თქვა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე" - 20 ივნისს დაზარალებული გიორგი სულაშვილი 

გიორგი სულაშვილი

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს დაზარალებული გიორგი სულაშვილის განცხადებით, მას, დასახიჩრებულ პირს, უარი უთხრეს შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე. სულაშვილის ცნობით, ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბაია ოტიაშვილმა 2023 წლის 8 აგვისტოს მიიღო.

„[მოსამართლემ] არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად. ზემოთ ხსენებული თანხა მხოლოდ მედიკამენტები რომ მქონდეს იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი", - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე გიორგი სულაშვილმა.

20 ივნისის აქციის მონაწილე სასამართლო პროცესის გაჭიანურებაზეც მიუთითებს. „მოულოდნელად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდეგ კი თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე - საბოლოოდ, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება", - აღნიშნა მან.

სულაშვილმა ჩამოთვალა ის დაზიანებები, რომლებიც ე.წ. გავრილოვის ღამეს მიიღო:

„ზოგს ჰგონია რომ მე თვალი მაქვს (ნეტა მქონდეს). ეს რომ მოხდა 27 წლის გახლდით. ვიყავი 20 ივნისის მშვიდობიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილე და არც კი მიცდია, რომ პარლამენტში შტურმით ან ძალადობრივი ძალით შევსულიყავი. ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს და წარდგენილი მაქვს სასამართლოსთვის.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მე, გიორგი სულაშვილი ვიყავი მშვიდობიანი დემონსტრანტი. ჩემ მიმართ გამოყენებული ძალა, მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით, ვერ იქნებოდა ვერც პროპორციული და ვერც ლეგიტიმური.

მე პოლიციელებმა მესროლეს „რეზინის ტყვია" სახეში, რის შედეგადაც მივიღე შემდეგი დაზიანებები:

  • ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა
  • ქალა ტვინის დახურული ტრავმა
  • სახის ნაფლეთოვანი ჭრილობები, დაჩირქება და ინფექცია
  • თვალის კაკლის მოწყვეტა
  • თვალის კაკლის დეგენერაცია
  • მეორე თვალში მხედველობის გაუარესება
  • პირველი ოპერაცია 2019 წლის 21 ივნისს ჩამიტარდა".

დაზარალებული წერს, რომ მას შემდეგ 5-ზე მეტი კომბინირებული ოპერაცია ჩაუტარდა:

  • „ოპერაცია სახის ძვლების აღდგენის მიზნით, ჰაიმორიტის ღრუს, ცხვირის და ნაფლეთოვანი ჭრილობის გასწორება;
  • ოპერაცია ყურის ხრტილის ამოღება და ხახის ხორცის ამოღება თვალ-ბუდის შესაქმნელად (რომელსაც პროთეზი უნდა დაეჭირა);
  • ოპერაცია ყურის ხრტილის და მუცლიდან ღეროვანი უჯრედების აჭრა ეს ოპერაცია 2-ჯერ ჩამიტარდა - ისევ თვალბუდის მოსამზადებლად, რადგან არ იყო ხორცი თვალში რომ პროთეზი დაეჭირა;
  • ოპერაცია თვალის ქვედა ქუთუთოს კონსტრუქცია (რადგან ქვედა ქუთუთოც არ მქონდა) და თვალის ხელოვნური ჭრილის შექმნა (არც ეგ მქონდა)".

სულაშვილმა სამედიცინო დოკუმენტებსა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დაწერა 20 ივნისს მიღებული დაზიანებების შედეგებზე:

  • „ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა
  • მეორე თვალის მხედველობის გაუარესება
  • პერმანენტული თავის ტკივილი
  • კიდურების, სახსრების ტკივილი
  • ძილის მკვეთრი დარღვევა, ფაქტობრივად არ მძინავს
  • მუდმივი დაღლილობა
  • ენერგიის არ ქონა
  • კონცენტრაციის დაკარგვა
  • მეხსიერების პრობლემები
  • შრომის უნარიანობის დაკარგვა
  • წონის მატება 40კგ
  • ექიმმა ამიკრძალა ფიზიკური დატვირთვა".

გიორგი სულაშვილმა ფსიქოლოგიურ ეფექტზეც მიუთითა. როგორც მან აღნიშნა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა, „რომლითაც დადგინდა შრომისუნარიანობის მკვეთრად შემცირების ფაქტი. ჩატარდა გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით ექსპერტიზაც, რომლითაც ასევე დადასტურდა უმძიმესი ფსიქოლოგიური ტანჯვა (ეს ყველაფერი მოსამართლეს ჰქონდა)".

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.

ყველაფერი 2019 წლის 20 ივნისის დილას რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას", რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს.

ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.

22 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია გართულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. პარლამენტის შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.

21 ივნისს თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.