ურალის „მემორიალი“ კვლავ დააჯარიმეს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისთვის“

ურალის "მემორიალის" ხელმძღვანელი ალექსეი მოსინი

ეკატერინბურგის ლენინის რაიონის სასამართლომ ურალის „მემორიალი“ კვლავ დააჯარიმა რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისთვის“. ორგანიზაციას 300 ათასი რუბლის გადახდა დააკისრეს. ამის შესახებ „ვეჩერნიე ვედომოსტი“ იუწყება.

ადმინისტრაციული საქმის მიზეზი გახდა ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეძღვნება სამხედრო სამსახურის შეგნებულად უარმყოფელთა საერთაშორისო დღეს.

იურიდიული პირებისთვის 300 ათასი რუბლი არის მინიმალური ჯარიმა რუსული არმიის „დისკრედიტაციის“ მუხლით, მაქსიმალური - 500 ათასი. 1 ივნისს ურალის „მემორიალი“ ერთხელ უკვე დააჯარიმეს იმავე ოდენობის ჯარიმით. ეს მოხდა იმის გამო, რომ ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნდა ტექსტები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგების შესახებ, ასევე გამოქვეყნდა სურათი ჩიტებით შავ ფონზე.

19 ივნისს ურალის „მემორიალის“ ხელმძღვანელი ალექსეი მოსინი 100 ათასი რუბლით დააჯარიმეს. მას ბრალი წაუყენეს რუსული არმიის „დისკრედიტაციაში“ 2022 წლის 12 თებერვალს ხელისუფლების მიერ შეთანხმებულ აქციაზე გადაღებული ფოტოს გამო, რომელზეც ის გამოსახულია პლაკატით „არა ომს“. ამის შემდეგ ფოტო გამოქვეყნდა ურალის „მემორიალის“ ვებსაიტზე. მოსინისა და მისი ადვოკატის, რომან კაჩანოვის არგუმენტები, რომ მოსინი არასოდეს ყოფილა საიტის ადმინისტრატორი, სასამართლომ არ მიიღო.