Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

ფოტო: Yandex Taxi

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განმარტავს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის „ეფესბეს" ექნება წვდომა იმ მომხმარებლების მონაცემებზე, რომლებიც საზღვარგარეთ სარგებლობენ რუსული კომპანიის, Yandex Taxi-ის, სერვისით. თავად Yandex-ი ამ ინფორმაციას უარყოფს. კომპანიის პრესსამსახურმა გამოცემა „მედუზას" განუცხადა, რომ ტაქსით მგზავრობის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ, სადაც ტაქსის სერვისით სარგებლობენ.