მწერალ გლუხოვსკის რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა

დმიტრი გლუხოვსკი

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 7 აგვისტოს რვა წლით, დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა მწერალ დმიტრი გლუხოვსკის. იგი დაადანაშაულეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო მოსაზრებების ინტერნეტში გამოქვეყნებით.

გლუხოვსკის ადვოკატი ვერონიკა პოლიაკოვა სასამართლოს განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გლუხოვსკი - რომელიც რუსეთში არ ცხოვრობს - მძაფრად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და აქვეყნებდა მასალებს, რომლებიც ეხებოდა ცნობებს რუსეთის არმიის მიერ უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე.

ამის შემდეგ რუსეთმა მწერალი "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.