სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სამუდამო პატიმრობა ყაზანის სკოლაში სროლის მომწყობი პირისთვის

ილნაზ გალიავიევი ყაზანში, სასამართლო სხდომაზე. 2021 წლის მაისი

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის სააპელაციო სასამართლომ 7 აგვისტოს ძალაში დატოვა სამუდამო პატიმრობის განაჩენი, რომელიც გამოუტანეს ილნაზ გალიავიევს - პირს, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი ყაზანის სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის მოწყობაში. თავდასხმას ემსხვერპლა ცხრა ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი, დაიჭრა 23 პირი.

"ძალაში რჩება თათრეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი და საჩივრები უკუგდებულია", - თქვა მოსამართლემ.

თავდასხმა მოხდა 2021 წლის 11 მაისს. გალიავიევმა, რომელიც მაშინ 19 წლისა იყო, ჯერ ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა და შემდეგ მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა ყაზანის 175-ე სკოლაში, რომელიც თავად მასაც ჰქონდა დამთავრებული. თავდასხმის მოტივი არ გამოცხადებულა. გალიავიევი ფსიქიატრიული შემოწმების შემდეგ ფსიქიკურ ავადმყოფად მიიჩნიეს, თუმცა თავდასხმამდე მას მსგავსი დიაგნოზი არ ჰქონია.