15 წელი აგვისტოს ომიდან - გორში „სანთლების აქცია" გაიმართა

„სანთლების აქცია" გორში

გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან, დღეს, 7 აგვისტოს, გორელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

2009 წლიდან "სანთლების აქცია" გმირთა მემორიალთან ყოველწლიურად იმართება. ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ომისდროინდელი ამბები გაიხსენეს.

„სანთლების აქცია" გორში

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. „ჩვენ ტრადიციულად 7 აგვისტოს ვიკრიბებით "სანთლების აქციაზე" და ამით პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ვინც თავი შესწირა და ვცდილობთ, ყოველთვის გავიხსენოთ და დავაფასოთ ეს ღვაწლი", - განაცხადა გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

წლევანდელ აქციაზე სიახლე იყო ის, რომ სკვერის შუაში დადგეს მანათობელი სვეტი, რომელზეც დაღუპულთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული.

„სანთლების აქცია" გორში

აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გორში 8 აგვისტოსაც გაგრძელდება.

დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.