ერმაკი: საუდის არაბეთის შეხვედრაზე განიხილეს მხოლოდ უკრაინის სამშვიდობო ინიციატივა

ანდრი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა 7 აგვისტოს თქვა, რომ საუდის არაბეთში გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე განიხილეს მხოლოდ უკრაინის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა და მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დაახლოებით ექვს კვირაში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

"ერთ თვეში ან თვე-ნახევარში კიდევ ერთ შეხვედრას გავმართავთ და წინ წავიწევთ სამიტის [გამართვისკენ]", - უთხრა ანდრი ერმაკმა ჟურნალისტებს კიევში გამართულ ბრიფინგზე.

მოლაპარაკებაში 20 სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ჩინეთი, აშშ და ევროპის ქვეყნები. უკრაინის სამშვიდობო ინიციატივა შეხვედრაზე ერმაკმა წარადგინა.

ევროპისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებში ვიზიტებისას ზელენსკის გამოთქმული აქვს 10 პრინციპი, რომლებსაც, კიევის სურვილით, მშვიდობა უნდა დაეფუძნოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებას "არანაირი დამატებითი ღირებულება არ ჰქონდა", რადგან იქ მოსკოვი არ იყო მიწვეული. რუსეთის მონაწილეობისა და მოსკოვის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, შეხვედრა აზრს იყო მოკლებული - აცხადებს რუსეთი.