პოლიციელი, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

ფოტოილუსტრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე, რომელიც რაჭაში, სტიქიის ზონაში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს უწყების პრესსამსახური.

არსებული ვერსიით, 50 წლამდე კაცის გარდაცვალება გულის შეტევას უნდა უკავშირდებოდეს.

"პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მირიან ჭელიძეს შოვში რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. სამაშველო სამსახური ეძებს კიდევ 16 ადამიანს.