აგვისტოს ომის დაწყების მე-15 წლისთავზე საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის 7 აგვისტოს განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან მე- 15 წლისთავს.

საგარეო უწყების თანახმად, „2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ მომხდარიდან მე-15 წლისთავზე რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აფართოებს უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური ბარიერების აღმართვით, „კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, უკანონო დაკავებებით და სხვა, დარტყმას აყენებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს“.

საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, „საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე“.

უწყების ცნობით, საქართველო აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას, „მოწადინებულია დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი განვითარება“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“. ამასთან, უწყება სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

ასევე ნახეთ აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე უკრაინის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს