საქართველოში აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ დღევანდელი დღე საქართველოსთვის ორმაგად მძიმეა. დღეს საქართველოში გლოვის დღეა, კურორტ შოვში განვითარებული მეწყრული პროცესებით ადამიანების დაღუპვის გამო.
"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია", - წერია განცხადებაში.
დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.
2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.