დაღამების გამო ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს

რაჭა. ვერტმფრენი სტიქიის ზონაში

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა დაღამების გამო რაჭაში, დამეწყრილ ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ გვაწვდიან ცნობას სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების რაოდენობის შესახებ.

ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედრის პოვნის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდა ორი ვერტმფრენი.

რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. მდინარე ბუმბურის ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე ნახეთ შსს ფრანგული წარმოების 3 შვეულმფრენს ყიდულობს
ასევე ნახეთ საბჭოთა MИ-8-ს გარდა რა ვერტმფრენები გვყავს სამაშველო ოპერაციებისთვის