შსს-ს განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

რაჭა. სტიქიის ზონა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რაჭაში, დამეწყრილ ტერიტორიაზე, ორი ადამიანის ცხედრის პოვნა. მათი განცხადებით, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას ნახეს. დაღუპულთა შესახებ ცნობა თავდაპირველად „მთის ამბებმა" გაავრცელა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა რამდენიმე საათის წინ დაიწყეს შოვიდან ხალხის ევაკუაცია. ღონისძიებაში ჩართულია ორი ვერტმფრენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

განახლება

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.