რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან დაშავებულები - ჩამოწოლილი მიწის მასამ რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.
"16 ადამიანია ამ მეწყერში მოყოლილი და როგორც ვიცი, მათგან 6 ბავშვია. რამდენიმე ოჯახი მჟავე წყლებზე იყვნენ წასულები და გზაზე უცბად მეწყერში მოყვნენ. ჯერ სხვა არაფერი ვიცით. 40 წუთის წინ დავრეკეთ ვერტმფრენის საჭიროებაზე, ჯერ არ მოსულა", - უთხრა რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტმა ეთო არსანიძემ.
"საქართველოს ამბები" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ რაჭაში, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.
ასევე ნახეთ სამაშველო სამსახური რაჭაში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ განცხადებას ავრცელებს"მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები", - წერია განცხადებაში.