ასლან ბჟანია Astoria Grande-ს "თბილ დახვედრას" სთავაზობს

31 ივლისი. ASTORIA GRANDE-ს საწინააღმდეგო აქცია ბათუმში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზადაა, აფხაზეთში მიიღოს ლაინერი Astoria Grande. ის რუსეთიდან წამოსულ ტურისტებს "თბილ დახვედრას" ჰპირდება.

"რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება“, - განუცხადა ბჟანიამ TASS-ს, ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საუბრის დროს.

მანვე აღნიშნა, რომ სოხუმის საზღვაო პორტი „ტექნიკურად მზად არის "ასტორია გრანდეს" ტიპის გემების მისაღებად“.

„მოხარული ვართ, მოგიწვიოთ აფხაზეთში და გპირდებით თბილ მიღებას აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით“, - თქვა მან.

ბჟანია მასპინძლობის მაგალითად ასახელებს საკრუიზო მოგზაურობის დაწყებას სოჭსა და სოხუმს შორის.

”თუ ჩვენ ადეკვატურად ვუმასპინძლეთ ლაინერ Князь Владимир-ს, მაშინ Astoria Grande-ს ლაინერიც იპოვის ადგილს”, - დასძინა მან.

ლაინერი Князь Владимир-ი სოხუმში 23 და 30 ივნისს ჩავიდა, რის შემდეგაც კიდევ 10 კრუიზის განხორციელება იგეგმებოდა. თუმცა, როგორც პროექტ „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი იუწყება, „თვეზე მეტი გავიდა, ახალი რეისების შესახებ ცნობები კი არ არის“. საზოგადო მოღვაწე ასლან კობახიამ სოჭი-სოხუმის რეისს „თავიდანვე განწირული პროექტი“ უწოდა.

საკრუიზო ლაინერს, რომელმაც ბათუმში რუსი ტურისტები ჩაიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას, საპროტესტო აქციით დახვდნენ. ამის გამო რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადასვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს. პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 უკრაინის მოქალაქეა.

ასევე ნახეთ 23 ადამიანი დააკავა პოლიციამ Astoria Grande-ს ჩამოსვლის საპროტესტო აქციაზე

1 აგვისტოს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "ამოსავალი წერტილია "ოკუპაციის შესახებ კანონი" და ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაცვას".

ასევე ნახეთ "ეს ფეხის კვალია" - ბათუმის ნავსადგურში დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.