ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ სამშაბათს ხუმრობა უწოდა თავის სიტყვებს, რომ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა ბელარუსში ყოფნისას უთხრეს მას პოლონეთში „ექსკურსიაზე წასვლის“ გეგმების შესახებ. მისი ეს სიტყვები ზოგმა კომენტატორმა, მათ შორის დასავლეთში, გაიგო პოლონეთის წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციის თაობაზე მინიშნებად.
„ვიხუმრე, რომ ვაგნერელები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ: ჟეშუვში ექსკურსიაზე წავიდეთო“, - თქვა ლუკაშენკამ ბრესტის ოლქში გამოსვლისას.
ამასთან, მოგვიანებით იმავე გამოსვლაში მან გამოთქვა რწმენა, რომ ვაგნერელებს ნამდვილად შეეძლოთ პოლონეთზე თავდასხმა და აღნიშნა, რომ ამისგან მათ მხოლოდ ბელარუსის ხელისუფლება აკავებს.
პოლონეთის ხელისუფლებამ, ლუკაშენკას თქმით, მას მადლობა უნდა გადაუხადოს „ამ მებრძოლების ჩვენთან მოწვევისთვის“. „ილოცონ, რომ აქ გვყვანან და უზრუნველვყოფთ მათ. თორემ ჩვენ გარეშე იქ გაჟონავდნენ და ამ ჟეშუვსა და ვარშავას ისე დაარტყამდნენ, შენი მოწონებული. ამიტომ ნუ მსაყვედურობენ, მადლობა უნდა მითხრან“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
ასევე ნახეთ ლუკაშენკა პუტინთან შეხვედრაზე: "ვაგნერელებს" ვარშავასა და ჟეშუვში ჩასვლა სურთმან ასევე კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის ბოლო განცხადებაზე, რომ 100-ზე მეტი დაქირავებული მეომარია გადაყვანილი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებზე, ე.წ. სუვალკის დერეფანში და ისინი პროვოკაციებს ამზადებენ. „აქ არ გადასულა ‘ვაგნერის’ არანაირი 100-კაციანი რაზმი. და თუ გადადიოდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბრესტსა და გროდნოში თავმოყრილი ბრიგადებისთვის საბრძოლო გამოცდილება გადაეცათ“, - თქვა ლუკაშენკამ და აღნიშნა, რომ ბელორუსს „ათასი წელი არ სჭირდება“ სუვალკის დერეფანი. მისი თქმით, დაქირავებული მეომრები ბელარუსის სამხედროებს თითქოს უფასოდ ამზადებენ.
ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსში უკვე შეტანილია რუსული ბირთვული იარაღის ნახევარზე მეტი, რომლის განთავსებაც არის დაგეგმილი ქვეყანაში.
ვარშავამ გადაწყვიტა, თავისი ჯარების ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე განელაგებინა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები ბელარუსში გადავიდნენ. მოგვიანებით, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ითხოვენ, „გაუშვან დასავლეთში“, რათა „ექსკურსიაზე წავიდნენ ვარშავაში, ჟეშუვში“. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაქირავებულმა მებრძოლებმა ბელარუსის არმიასთან ერთობლივი წვრთნებიც გამართეს.
პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში არის აეროდრომი, რომლის გავლითაც უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მიერ მარაგდება სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით. შემდგომში ისინი სახმელეთო გზით იგზავნება უკრაინაში.
ნატოს ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების ბელარუსში გადაყვანის გამო. პოლონეთმა ამ თვის დამდეგს განაცხადა, რომ ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს პოტენციური საფრთხეების დასაძლევად.