23 ადამიანი დააკავა პოლიციამ Astoria Grande-ს ჩამოსვლის საპროტესტო აქციაზე

ბათუმის ნავსადგური

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს შესვლის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

"აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ", - განაცხადეს შსს-ში, როცა აქციაზე 9 დაკავებულის შესახებ იუწყებოდნენ.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.

ასევე ნახეთ "მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი" - დეგნანი ბათუმის ნავსადგურში Astoria Grande-ს საწინააღმდეგო აქციაზე

გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.

ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.

ასევე ნახეთ სავარაუდოდ, პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს ბათუმის ნავსადგური Astoria Grande-ს მგზავრებმა

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.