რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კითხვას რუსეთში რეპრესიების შესახებ. რუსეთ-აფრიკის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "კომერსანტის" ჟურნალისტმა ანდრეი კოლესნიკოვმა მას ჰკითხა, რას ფიქრობდა რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩისა და პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკის პატიმრობაზე - მათი საქმეები პოლიტიკური მართლმსაჯულების შემთხვევებად მიიჩნევა იმის გათვალისწინებით, რომ ბერკოვიჩი საპატიმროში აღმოჩნდა თავის მიერ დადგმული სპექტაკლის, კარაგლიცკი კი ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო.
"ადამიანები ციხეში არიან დაწერილი თუ ნათქვამი სიტყვების გამო. ეს ნორმალურია? მადლობა ღმერთს, 37 წელი არ გვაქვს, თუმცა ზოგიერთი, რომ იცოდეთ, იმასაც კი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება სწორედ 37 წელი იყოს", - უთხრა კოლესნიკოვმა რუსეთის პრეზიდენტს. 37 წელში მან იგულისხმა 1937 წელი, განსაკუთრებით მძიმე წელი საბჭოთა რეპრესიებისა, რომელმაც ათასობით ადამიანის, მათ შორის ხელოვანებისა და მეცნიერების სიცოცხლე შეიწირა.
"ჩვენ 2023 წელი გვაქვს. რუსეთის ფედერაციას შეიარაღებული კონფლიქტი აქვს მეზობელ ქვეყანასთან. მე ვფიქრობ, რომ განსაზღვრული ურთიერთობა უნდა გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც შიგნიდან აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს", - ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის კითხვას და განმარტა, რომ არ აქვს ინფორმაცია ამ კონკრეტულ საქმეებზე.
"არ ვიცი, რას აკეთებდნენ ისინი, ვის შესახებაც თქვენ მეკითხებით. შეიძლება ისინი არც იმსახურებდნენ იმას, როგორც მოექცნენ. არც კი ვიცი, როგორ არის ეს ამბები", - თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ "შეიარაღებულ კონფლიქტში" წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საერთო წესებზე შეთანხმება.
ასევე ნახეთ ფსბ-მ პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკის ტერორიზმისკენ მოწოდების ბრალდება წაუყენარუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკის ოფიციალური ბრალდება 26 ივლისს წაუყენა, ინტერნეტის გამოყენებით ტერორიზმისკენ მოწოდებების მუხლით.
რეჟისორი ევგენია ბერკოვიჩი კი, რომელიც დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკთან ერთად არის დაკავებული, ტერორიზმის გამართლების ბრალდებით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში 2023 წლის მაისიდან.
ასევე ნახეთ რუსეთში დასმენის ეპიდემიაა