პატივი მიაგეს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შარშან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ადგილას

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მეხანძრე-მაშველებთან და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებთან ერთად გუდაურთან შარშან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ადგილას მივიდნენ. მათ დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის, 29 ივლისს გუდაურთან მოხდა. სამაშველო ოპერაციისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაიკრძალნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის".