გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

ბათუმის სანაპირო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 16 და 20 ივლისს ჩაატარა შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი და განაცხადა, რომ ის ნორმის ფარგლებშია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ატარებდა, 10 ივლისიდან კი სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც, სააგენტოს ცნობით, აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ასევე ნახეთ შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო

შავი ზღვის წყლის უსაფრთხოება შეშფოთების საფუძვლად იქცა 6 ივნისიდან, უკრაინის ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შემდეგ. მდინარე დნეპრმა შავ ზღვაში ჩაიტანა სხვადასხვა წარმომავლობის ნარჩენები.