რუსეთის შოუ-ბიზნესის მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს, 29-30 ივლისს ბათუმში EXPO-2023-ს - უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვას აანონსებდა. მან რუსულ ენაზე ჩაწერილი სარეკლამო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა: „საქართველო სთავაზობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფართო შესაძლებლობას უძრავი ქონების შესაძენად".
ფირცხალავას უძრავი ქონების სააგენტო People-ის მიერ გავრცელებულ სარეკლამო ცნობაში ქართული სამშენებლო კომპანიების ლოგოებიც გვხვდებოდა. მედიის დაინტერესების შემდეგ, რამდენიმე სამშენებლო კომპანიამ, მათ შორის, „არქიმ", Elt Building-მა, „გუმბათი ჯგუფმა" და „ტერასა ჯგუფმა" გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც ნათქვამია, რომ მათი კომპანიების სახელები და ლოგოები უნებართვოდ იყო გამოყენებული.
ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია აღნიშნავს, რომ ღონისძება ორიენტირებული იყო რუსულ აუდიტორიაზე.
„ორგანიზატორი კომპანიისგან ვფლობდით ინფორმაციას, რომ ტარდებოდა საერთაშორისო გამოფენა, სხვადასხვა ქვეყნიდან, სპეციალურად შემოყვანილი ვიზიტორებისათვის. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ აღნიშნული გამოფენა არ იყო საერთაშორისო ფორმატის და ორიენტირებული იყო რუსულ აუდიტორიაზე, განვაცხადეთ უარი მასში მონაწილეობაზე", - ვკითხულობთ Elt Building-ის განცხადებაში.
ირაკლი ფირცხალავას უძრავი ქონების სააგენტომ სარეკლამო ვიდეორგოლი წაშალა. მოგვიანებით კომპანიამ „ინსტაგრამზე" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღონისძიება გადაიდო.
„სამწუხაროდ, გატყობინებთ, რომ EXPO-Batumi 2023, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილი იყო 29 და 30 ივლისს, რეალურად გადაიდო ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით.
ბოდიშს გიხდით. და აუცილებლად შეგატყობინებთ თარიღს, როდის გაიმართება ღონისძიება. მადლობას გიხდით გაგებისთვის", - აცხადებს უძრავი ქონების სააგენტო People.