რუსეთმა აფრიკის ქვეყნებს საერთო ჯამში 23 მილიარდი დოლარი ჩამოუწერა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რუსეთ-აფრიკის სამიტის სხდომაზე.
ამასთან, 2019 წელს სოჭში გამართულ წინა მსგავს სამიტზე 20 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის ჩამოწერაზე იყო ლაპარაკი. ამრიგად, სამ წელიწადში რუსეთმა აფრიკას დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი ვალი აპატია. პუტინმა პირობა დადო, რომ „აფრიკის ქვეყნების უახლესი მოთხოვნის მიხედვით“ რუსეთი მათ 90 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 18 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში კიდევ ერთი მესამედით გაიზარდა. მისი თქმით, აფრიკაში რუსეთის ექსპორტის ნახევარზე მეტი არის „მანქანები და აღჭურვილობა, ქიმიური ნაწარმი და სურსათი“.
პუტინმა ცალკე ისაუბრა მარცვლეულის მიწოდებაზე: 2022 წელს რუსეთმა აფრიკაში გაიტანა 11,5 მილიონი ტონა მარცვლეული, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი თითქმის ათი მილიონი ტონა.