თბილისის საკრებულოს წევრი პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან", სოფო ჯაფარიძე, აცხადებს, რომ იხსნება "მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები", რომლის მიზანიც იქნება ექსპრეზიდენტის საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ჯაფარიძემ, რომელიც ახლა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელია, ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა.
"ის მზად არის თქვენთან დიალოგისთვის, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, როგორ ყოველთვის, ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ. სულ რამდენიმე დღეში იქნება ოფისი და დეტალებს სულ მალე გაცნობებთ", - თქვა ჯაფარიძემ.
მანვე ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც:
"საკმაოდ რთულია და სისტემური ფორმა მიიღო სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ. მაისის შემდგომ განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს ის სისხლის გადასხმას და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები. სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია და არა მხოლოდ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდის სამედიცინო პერსონალისგან სიგნალები იმის შესახებ, რომ ისინი შიშობენ, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ".
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
- 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
- ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლისა და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
- 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
- მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
- 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება.