9-თვიანი დუმილის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დაადასტურა 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე თავდასხმა.
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ მათი ძალების ერთ-ერთი მიღწევა ყირიმის ხიდის განადგურებაა.
"ჩვენ ბევრი ოპერაცია ჩავატარეთ, სპეციალური ოპერაციები. ზოგიერთ მათგანზე გამარჯვების შემდეგ ვისაუბრებთ, ზოგზე - საერთოდ არა.
უსაფრთხოების ძალების ოფიცრები მტერს ყველაზე ცხელ წერტილებში ანადგურებენ და აკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენი მიწა რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს. ყირიმის ხიდის განადგურება ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა", - თქვა მალიუკმა.
პირველი უკრაინელი ოფიციალური პირი, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ ყირიმის ხიდზე ივლისის დასაწყისში მომხდარ თავდასხმაში უკრაინაა პასუხისმგებელი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი იყო.
ყირიმის ხიდი რუსეთს ოკუპირებულ ნახევარკუნძულთან პირდაპირ აკავშირებს და მას ოკუპანტები უკრაინაში ომისთვის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის გადასაყვანად იყენებდნენ. 2022 წლის 8 ოქტომბერს ხიდზე სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ხიდის მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია.
ასევე ნახეთ რეზნიკოვი: ყირიმზე შეტევა გაგრძელდებაყირიმის ხიდი თავდასხმის სამიზნე იყო 2023 წლის 17 ივლისის ღამითაც - აფეთქებების სერიამ კვლავ დააზიანა ხიდი.
რუსული სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა 26 ივლისს ყირიმის ხიდის აღდგენისთვის განკუთვნილი დრო წლის ბოლომდე, 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.