ტერორისტული დანაშაულის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ერთი პირი, მურად თავართქილაძე, კახეთიდანაა, მეორე, ედგან აბასოვი კი - შიდა ქართლის რეგიონიდან. რადიო თავისუფლება კახეთში, სოფელ ერისიმედში დაკავებული 34 წლის მურად თავართქილაძის ოჯახის ახლობლებს ესაუბრა. კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, ოჯახთან დაახლოებულმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გვითხრა, რომ სამართალდამცველებმა თავართქილაძის სახლში სპეცოპერაცია 26 ივლისს, 03:00 საათზე, იმ დროს ჩაატარეს, როცა ყველას ეძინა.
„ისლამური სახელმწიფოს" [ISIS] დროშები და ასაფეთქებელი მოწყობილობები მისაღებ ოთახში თვითონ პოლიციელებმა დივნის ქვეშ დადეს და მერე ვითომ ამოიღეს", - აღნიშნა მან და დაამატა, რომ სახლში, სადაც სამი წლის ბავშვიც ცხოვრობს, „რომელიმე ნორმალური, ჭკუათმყოფელი ადამიანი მისაღებ ოთახში შეინახავს ასაფეთქებელს?!" მას იმედი არ აქვს, რომ სიმართლის დადგენას შეძლებენ.
რესპონდენტის ინფორმაციით, ოჯახი წლებია, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული და შემოსავალიც აქედან აქვს, მურად თავართქილაძეს სხვა სამსახური არც ჰქონია.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მურად თავართქილაძე ნასამართლევი იყო გამოძალვის ბრალდებით. ინფორმაცია დაგვიდასტურეს დაკავებულის ოჯახშიც, თუმცა ირწმუნებიან, რომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და მას ნასამართლობაც მოეხსნა.
თავართქილაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა ნატა წიკლაურმა. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს: „დეტალურად ლაპარაკი არ შემიძლია, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს“.
26 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. უწყებაში ამბობენ, რომ სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა ორ რეგიონში, ოთხ ადგილზე.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები", - აცხადებენ სუსში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით ატარებს.