საქართველოს საელჩო საბერძნეთში ავრცელებს ინფორმაციას ქალაქ ათენში, ამიგდალეზის არალეგალთა განთავსების ბანაკში, მომხდარი არეულობის შესახებ. საელჩოს ცნობით, ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან განთავსებული, არეულობა 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო.
"დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები", - წერს საქართველოს საელჩო საბერძნეთში.
ბერძნული მედიის თანახმად, სადეპორტაციო ბანაკში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაიცვალა 26 წლის ინდოეთის მოქალაქე. პოლიციის ვერსიით, ახალგაზრდა კაცმა გონება დაკარგა დაახლოებით 22:00 საათისთვის. ბანაკში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა. მიგრანტებმა მიიჩნიეს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი იყო დაგვიანებული სამედიცინო დახმარება და ცეცხლი წაუკიდეს მატრასებს, სკამებსა და ყუთებს.
ინციდენტი ადგილზე სახანძრო მანქანების და პოლიციის ეკიპაჟების მისვლის შემდეგ ამოიწურა. ბერძნული მედია ავრცელებს ცნობას ათამდე დაკავებულზე, რომლებიც ხანძრის ფონზე სკანდირებდნენ: "პოლიციამ მოკლა ბავშვი."
ასევე ნახეთ “ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში